პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) პრესტიჟის შესანარჩუნებლად, პოლიტიკური კვლევების ჩატარების შეწყვეტას ურჩევს.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს NDI-ს მიერ პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევის შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, ისეთებთან როგორიცაა NDI და IRI, რომლებმაც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში წვლილი შეიტანეს.
რაც შეეხება პარტიების რეიტინგების კვლევას, ივანიშვილი მას სკეპტიკურად უყურებს და აღნიშნავს, რომ NDI-სთან მოლაპარაკებას აწარმოებს იმის თაობაზე, რომ ამ ორგანიზაციამ მსგავსი კვლევები აღარ ჩაატაროს.
„კვლევები საჭირო არ არის, რადგან მათი არავის სჯერა. მაქვს იმის შიშიც, რომ იმ განწყობის გათვალისწინებით, რაც საზოგადოებაშია, შეიძლება NDI-ს მიერ საქართველოსთვის განხორციელებული სიკეთეები გაფერმკრთალდეს“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36% არჩევნებში მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 18% - კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს.
