2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი - იმპლემენტაციის კონფერენცია საქართველოს პარლამენტში გაიხსნა
2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი - იმპლემენტაციის კონფერენცია საქართველოს პარლამენტში გაიხსნა
13:11 28.05.2018
გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის თემაზე პარლამენტის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო კონფერენცია დღეს მისასალმებელი სიტყვით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გახსნა. „ამ ღონისძიებით ჩვენ გვსურდა შეგვექმნა პლატფორმა, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცემოდათ ემსჯელათ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში არსებული გამოწვევებისათვის და მიღებული გამოცდილების შესახებ, იმაზე, თუ როგორ შეიძლება შევამციროთ მსოფლიოში შიმშილი, ძალადობა, უზრუნველვყოთ მეტი განათლება, ადამიანის უფლებების და გარემოს უკეთესი დაცვა“, - განაცხადა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე კონფერენციის ორგანიზება საქართველოს პარლამენტში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. სოფო კილაძეს მიაჩნია, რომ დემოკრატიული, პროგრესული სახელმწიფოს მშენებლობისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონეა მდგრადი განვითრების მიზნების ჯეროვანი იმპლემენტაცია და ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ პროცესში არის სამეცნიერო კვლევების, უნივერსიტეტების ჩართულობა. „კონფერენციის მიზნებიდან გამომდინარე, საუკეთესო გზა თავი მოგვეყარა საუნივერსიტეტო და კვლევითი საზოგადოებისთვის, იყო ისეთი თემების არჩევა, რომელიც ხელს შეუწყობდა დისციპლინათაშორისი და სექტორული კავშირების განვითარებას და, რა თქმა უნდა, ასეთი თემები არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ასევე, გარემოს დაცვა. მიხარია, რომ ჩვენს ინიციატივას, ჩაგვეტარებინა საერთაშორისო კონფერენცია აღნიშნულ თემაზე არაერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა“, - აღნიშნა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით, პროექტის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია UN, მისი წარმომადგენლობა საქართველოში. „ასევე, ჩვენი მხარდამჭერები არიან გრიგოლ რობაქიძისა და კავკასიის უნივერსიტეტები, რომელთანაც კოორდინირებული მუშაობით რამდენიმე თვის თავზე ჩვენ შევძელით დასახული მიზნის რეალიზება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.



კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი განცხადებით, სიმბოლურია, რომ ორი დღის წინ საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი აღნიშნა. მისი თქმით, მაშინდელ საერთაშორისო გარემოში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, სახელმწიფოებრივ, ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში, პროგრესული, მოწინავე და დემოკრატიული პრინციპების განსახიერებას წარმოადგენდა.

„ქართველ ხალხს დღემდე ეამაყება, რომ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლები ცივილიზებული მსოფლიოს მოწინავე იდეალებსა და სახელმწიფოებრივ პრაქტიკას იზიარებდნენ. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო მაქსიმალურად ჩაერთოს დღევანდელი მსოფლიო გამოწვევების გადაჭრაში, რომ ჩვენმა შთამომავლებმაც იამაყონ ჩვენი აზროვნებითა და მისწრაფებებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „2012 წელს, მთავრობაში მოსვლისთანავე, „ქართულმა ოცნებამ“ გეზი აიღო ბევრი იმ პრობლემის დაძლევისკენ, რომლებიც მოგვიანებით 2015 წლის სექტემბრის სამიტზე, გაერო-ს „მდგრადი განვითარების დღის წესრიგის“ 17 ამოცანის სახით იქნა დამტკიცებული“. მისი შეფასებით, მდგრადი განვითარებისთვის კრიტიკულია ხელისუფლების დემოკრატიული სიჯანსაღის შენარჩუნება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელისუფლების შტოებს შორის თანასწორობას და დემოკრატიული მონაპოვრების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს.



„მდგრადი განვითარებისათვის კრიტიკულია ხელისუფლების დემოკრატიული სიჯანსაღის შენარჩუნება. ჩვენ არა მარტო შევძელით კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა, არამედ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში ხელისუფლების შტოებს შორის თანასწორობასა და დემოკრატიული მონაპოვრების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს. დემოკრატიული გარემო უმნიშვნელოვანესია მმართველობის გაუმჯობესებისა და რეფორმების გატარებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი არის პარლამენტი. „სწორედ პარლამენტი, როგორც ხალხის ნების გამომხატველი ორგანო, განსაზღვრავს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ძირითად მიმართულებებს.

ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მდგრადი განვითარების პრინციპების ერთგული დარჩება“,- განაცხადა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.



საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური მდივნის, მარტინ ჩუნგონგმა დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა სრულიად საქართველოს.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მოგესალმოთ და მოგმართოთ დღეს ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ძალიან დიდი პატივია სიტყვით მივმართავდე შედარებით ახალგაზრდა ქვეყანას - საქართველოს. 2 დღის წინ თქვენ აღნიშნეთ თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. მინდა მოლოცვით დავიწყო, მივულოცო სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, ერთად თანაარსებობისა და ცხოვრებისა“, - განაცხადა მარტინ ჩუნგონგმა. მომხსენებლის თქმით, მისი ვიზიტი საქართველოში არის სწორედ დასტური თანამშრომლობისა, რომელიც არსებობს საქართველოსა და საპარლამენტთაშორისო კავშირს შორის. „ჩვენი პარტნიორობა დაიწყო 1997 წელს, როდესაც საქართველო შეუერთდა IPU-ს და მას შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა ძლიერდება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები უფრო მჭიდრო და უფრო მეგობრული გახდეს. IPU მუშაობს იმაზე, რომ მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად პარლამენტების მობილიზაცია მოახდინოს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის აქ ჩამოსვლა იმისათვის, რომ პირადად მიმეღო მონაწილეობა კონკრეტულად ამ ღონისძიებაში“, - განაცხადა მარტინ ჩუნგონგმა. მისი ინფორმაციით, საქართველოში ჩატარდება კიდევ ერთი სემინარი, რომელიც ორგანიზებულია IPU-სა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ იმისათვის, რომ იმსჯელონ, თუ როგორ შეიძლება პარლამენტმა შეიტანოს წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. „IPU ძალიან ამაყობს თავისი მიღწევებით - მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ირგვლივ პარლამენტების მობილიზაციით, რაც ძალიან კარგად ასახავს ადამიანების ინტერესებსა და პრობლემებს“, - აღნიშნა მომხსენებელმა. მისი თქმით, მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებისთვის მუდმივი ჩართულობაა საჭირო. „ჩვენ უნდა დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს, თუ რა ცვლილებას ვახორციელებთ, რა შეიცვალა ჩვენი და მთლიანად პლანეტის მოსახლეობისთვის, ჩვენი მუშაობის შედეგად. გაუმჯობესდა თუ არა ყველაზე მარგინალიზებული, უღარიბესი ფენების მდგომარეობა. ვპასუხობთ თუ არა ჩვენი მუშაობით ქალთა განსაკუთრებულ საჭიროებებს ისევე, როგორც ბავშვთა განსაკუთრებულ საჭიროებებს. ჩვენ უნდა ვნახოთ, რამდენად ვპასუხობთ კლიმატის ცვლილების საკითხებს. იცვლება თუ არა სათანადოდ კანონმდებლობა. ვასრულებთ თუ არა პარიზის ხელშეკრულებას“, - მიმართა კონფერენციაში მონაწილეებს მარტინ ჩუნგონგმა.

მან მდგრადი განვითარების მიზნებში არსებულ ჩარჩოებსა და შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პარლამენტების სანდოობისა და რელევანტურობის გასაძლიერებლადაა მოცემული. „გააძლიერონ სანდოობა და რელევანტურობა იმით, რომ მათ გააძლიერონ ის უფლებები, რაც მინიჭებული აქვთ ქვეყნების კონსტიტუციებით და გამოიყენონ ძალაუფლება, რათ მიაღწიონ ცვლილებებს თავიანთი ხალხის ცხოვრებაში, თუმცა ბევრ პარლამენტს ჯერ კიდევ აკლია ცოდნა, გამოცდილება და კიდევ ბევრი დაბრკოლება აქვს წინ. ეს დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ იმისათვის, რათა ეფექტიანად ვიმუშაოთ პარლამენტის ფარგლებში“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ შემუშავებულია ინსტრუმენტები, რომელიც საშუალებას აძლევს პარლამენტებს, მიიღონ ახალი კანონები და ზედამხედველობა განახორციელონ. მისივე თქმით, დღის წესრიგი 2030 დამტკიცებული იქნა, როგორც გლობალური ჩარჩოები, მაგრამ მისი განხორციელება უნდა იყოს მორგებული ეროვნულ პრიორიტეტებზე. „ნებისმიერი კანონპროექტი, რომელიც შედის პარლამენტში, განხილული უნდა იყოს მდგრადი განვითარების პერსპექტივიდან“, - აღნიშნა სტუმარმა. მან სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები გააცნო კონფერენციის მონაწილეებს. „ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ რეგიონალური თანამშრომლობა აუცილებელია მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად“, -განაცხადა მომხსენებელმა.



კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. მან მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით, მთავრობის წარმატებული საქმიანობის საფუძველი სწორედ ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და მაღალი პასუხისმგებლობით მმართველობაში მდგომარეობს. „მე-16 მიზნის წარმატებული განხორციელება ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. სწორედ ეს მიზანი გულისხმობს ყველა დონეზე ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინტიტუტების შექმნას“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.



კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ. მისი თქმით, საქართველოს მდგრადი განვითარება დაკავშირებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპის განხორციელებასთან. „ეს არის გაიგივებული პროცესთან რომელიც უზრუნველყოფს თითოეულის ღირსეულ არსებობას და თანაბარი განვითარების შესაძლებლობას. 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი გახდა ადამიანი, მისი ღირსება. ყველა რეფორმა, რომელიც ხორციელდება და განხორციელდა დაკავშირებულია მდგრად, დემოკრატიულ და სოციალურ განვითარებასთან“, - განაცხადა ლევან იზორიამ. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებზე. „ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის რეგიონში ევროპული საპარლამენტო მოდელის ქვეყნის განვითარებას“, -აღნიშნა ლევან იზორიამ.



კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი. „საქართველომ აითვისა ის უამრავი ღირებულება, რომლის დასამკვიდრებლად ჩვენ ვიღვწით დღესაც. პირველი რესპუბლიკის პარლამენტმა საქართველოში აირჩია პირველი ქალი მუსლიმი პარლამენტარი. ეს გახლდათ ფანტასტიკურად მაღალი მიღწევა“, - განაცხადა ნილს სკოტმა. მან ისაუბრა გლობალური პროგრამის შესახებ, რომელსაც 2014 წელს მოეწერა ხელი. „იგი მიესადაგება მილენიუმის განვითარების მიზნებს და ჯდება მის ჩარჩოებში. საქართველომ ომახიანად დაიწყო დღის წესრიგის შესრულება 2017 წლიდან“, - განაცხადა მომხსენებელმა.



გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა საქართველოში, სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა დანიელ ჰაასმა 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. „გერმანია დარწმუნებულია, რომ 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი ძალიან დროულად, ეფექტურად, ხარისხიანად შესრულდება, მაგრამ ცხადია მნიშვნელოვანია ამ გზაზე მოხდეს გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს კონფერენცია“, - განაცხადა დანიელ ჰაასმა. მისი თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ, ძალისხმევას არ იშურებენ იმისათვის, რომ ეფექტურად შეასრულოს 2030 მდგრადი განვითარების მიზნები.



ბეჭდვა