მიხეილ ჯანელიძე: მივესალმები ერთიანი დიასპორული სავაჭრო პალატის შექმნის იდეას
მიხეილ ჯანელიძე: მივესალმები ერთიანი დიასპორული სავაჭრო პალატის შექმნის იდეას
09:38 28.05.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის ფორუმის მონაწილეებს მიღებაზე უმასპინძლა და მათ სიტყვით მიმართა.

მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის და საქართველოს წარმოჩენისთვის გაწეული საქმიანობისთვის.


“მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც დღეს ხართ აქ წარმოდგენილნი და აქტიურად ხართ ჩართულნი დიასპორასთან ურთიერთობის, ასოციაციების გაძლიერების, საკვირაო სკოლების ჩამოყალიბების პროცესებში და ასევე აქტიურად ხართ ჩართულნი ამ ფორუმში, რომელიც მნიშვნელოვანი შედეგების მომტანია. სწორედ თქვენნაირი აქტიური ადამიანები სჭირდება სახელმწიფოს და სჭირდება ჩვენი ქვეყნის დიდებას” - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.



საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით საქართველოს მთავრობის ერთადერთი მიზანი და ამოცანაა იყოს ახლოს მოქალაქეებთან, იქნებიან ისინი საქართველოში თუ ქვეყნის გარეთ. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა გასულ წელს ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა მისი თქმით მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლების რეკომენდაციები და შენიშვნები, რასაც დიასპორის ფორუმი ემსახურება.

“მსურს მოვისმინო თქვენი იდეები თუ როგორ დავახლოვდეთ კიდევ უფრო მეტად და როგორ შევქმნათ პროექტები, რომელიც დიასპორას გააერთიანებს და არ დააშორებს. ცოტანი ვართ და არ გვაქვს უფლება დაქსაქსულები ვიყოთ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ამიტომ, მე აღფრთოვანებული ვიყავი იმ იდეით, რაც დღეს მოვისმინე, ეს უკავშირდება ერთიანი დიასპორული სავაჭრო პალატის შექმნას. იმედია ეს იქნება ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც შეკრებს ამ დიდ ძალასა და რესურსს და ასევე შემდეგ გადაიცემა სხვა მიმართულებითაც, იქნება ეს კულტურა, განათლება თუ სხვა ნებისმიერი სფერო. სწორედ ერთიანი ენერგია გვჭირდება ჩვენ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ნახტომების გასაკეთებლად” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო უწყების ხელძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ამ მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე. მან ასევე ისაუბრა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რაც ემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას.

ბეჭდვა