გიორგი შარვაშიძე: საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ამ დღის აღნიშვნა სამცხე ჯავახეთში, საქართველოს უძველეს ისტორიულ მხარეში
გიორგი შარვაშიძე: საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ამ დღის აღნიშვნა სამცხე ჯავახეთში, საქართველოს უძველეს ისტორიულ მხარეში
09:55 27.05.2018
საქართველოს საგარეო სამინისტროს ეგიდით, სამცხე-ჯავახეთში, რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა.

რაბათის ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობასა და მისი არსებობის პერიოდში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა.

“მთელს საქართველოს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლისთავს. ზუსტად ასი წლის წინ, დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნით საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე საქართველოს დემოკრატიულ ევროპულ მომავალს. დღეს საქართველო, როგროც არასდროს ახლოა თავის საბოლოო მიზანთან, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ამ დღის აღნიშვნა ამ რეგიონში, საქართველოს უძველეს ისტორიულ მხარეში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ამ ხალხთან ერთად, ჩვენ შევძლებთ და შევქმნით წარმატებული საქართველოს მომავალს, მომავალი ასწლეულებისთვის”.-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი, კახა სამხარაძე და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე, რომელთაც შეკრებილ საზოგადოებას დღესასწაული მიულოცს.

მისასალმებელი სიტყვების დასრულებისას გაიმართა ფლეშმობი, რომლითაც გაიშალა საქართველოს დროშა, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და საზეიმოდ აინთო 100 წლის საიუბილეო ინსტალაცია.

საზეიმო ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ გახსა. რაბათის ციხის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები. მათ შორის, ჩატარდა ველოტური, საბავშვო წარმოდგენები, შეჯიბრები, გამოფენები, რეგიონისა და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები. დაჯილდოვდნენ შეჯიბრში გამარჯვებულები და მერის სტიპენდიანტები. ტერიტორიაზე გაიმართა ძველი ბაზარი, სადაც ადგილობრივებმა გაყიდეს სხვადასხვა ნაწარმი. აღმართული იქნა ისტორიული დოკუმენტების ამსახველი შემეცნებითი-საინფორმაციო გამოფენა-სტენდი.

ბავშვებისთვის გაიმართა ანიმაციური ფილმების ჩვენება და თოჯინების თეატრი. შეიქმნა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების იმიტაცია, სადაც ბავშვებს საშუალება მიეცათ ადგილზე აღებული პასპორტებით ემოგზაურათ. ამავე ტერიტორიაზე, ანიმატორები მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებით ართობნდნენ ბავშვებს.


ბეჭდვა