მიხეილ ჯანელიძემ „კრინიცის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
მიხეილ ჯანელიძემ „კრინიცის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
11:54 26.05.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით, „კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში“ მიიღო მონაწილეობა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი დაფუძნდა თბილისში, პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტების მხარდაჭერით. ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ ფორუმის მომზადებაში საქართველოს საელჩო პოლონეთში, ასევე ეკონომიკის სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებს ჩაეყარა საფუძველი. დღეს სლოვაკური და პოლონური ბიზნესი და ასეულობით კომპანიაა წარმოდგენილი თბილისში ამ ღონისძიებაზე. ეს ქვეყნები ძალიან წარმატებულად ავითარებენ საკუთარ ეკონომიკას, ბიზნესი არის ძალიან წარმატებული, განსაკუთრებით მათი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. ამ ფორუმის საქართველოში დაფუძნება ხელს შეიწყობს სწორედ, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპული ბიზნესების საქართველოთი დაინტერესებას და საქართველოს ევროპულ ბაზარზე მეტ ინტეგრაციას, ასევე სამომავლოდ ახალი შესაძლებლობების გაჩენას ევროპული ინტეგრაციის პროცესში“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

„კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში“ საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნეს.

ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს ბიზნესსექტორის გარდა, მონაწილეობას იღებს სლოვაკური და პოლონური ბიზნეს დელეგაციის 100-მდე წევრი.

აღსანიშნავია, რომ „კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში“ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პატრონაჟით იმართება. ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად პოლონეთის ქალაქ კრინიცაში ტარდება და სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლების, ბიზნესისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ფორუმის მიზანია ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნა და საქმიან წრეებს შორის თანამშრომლობის განვითარება.

ღონისძიებას დაესწრნენ ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ბელარუსიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. ფორუმს 300-მდე სტუმარი ეყოლება, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
ბეჭდვა