საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, უოდროპის სტრატეგიული დიალოგის
ფარგლებში საქართველოში ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი დაიწყო.
მისივე თქმით, საქართველოს დიდი ბრიტანეთის მხრიდან სრული პოლიტიკური მხარდაჭერაა აქვს ყველა სფეროში.
„უოდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში დღეს დაიწყო ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საქართველოში. დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები, სადაც განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დგას ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში. ასევე ვგეგმავთ ერთობლივი კომუნიკეს მიღებას, სადაც აისახება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა და სურვილი ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის უსაფრთხოება, განათლება, ხალხთაშორის კავშირები, ეკონომიკა და სხვა. კომუნიკე ასევე ადასტურებს ბრიტანეთის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერას ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ჩვენ გაგვაჩნია დიდი ბრიტანეთის მხრიდან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა სფეროში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საპარლამენტო კავშირების გაძლიერება და რეგულარული დიალოგი, მოგვცემს შესძლებლობას, რომ თანმიმდევრულად უფრო მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი გახდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები"- განაცხადა ქაცარავამ.
