საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი პეტრას ციხე-სიმაგრის გასხვისების საკითხში საპატრიარქოს ჩართვას ითხოვს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ ბევრისთვის შეიძლება სიახლე იყოს, მაგრამ ხელისუფლებისთვის საპატრიარქოს იგნორირება სიახლე აღარ არის და მან უკვე არაერთხელ აჩვენა საზოგადოებას, თუ როგორ უნდა განახორციელოს რელიგიასთან და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული საკითხები ისე, რომ გვერდი აუაროს საპატრიარქოს.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 1 ლარად გაიყიდა ქობულეთთან არსებული ციხე-ქალაქი პეტრა, რომელიც ძალიან საეჭვო ხელშეკრულებით უნდა გასხვისდეს, ხელშეკრულება დაახლოებით 2 კვირაში გაფორდმება.
მისივე განცხადებით, პეტრა ციხე-ქალაქია, რომლის ტერიტორიაზე ორი უმნიშვნელოვანესი და უნიკალური ტაძრის ნაშთებია – მეექვე და მეთექვსმეტე საუკუნის და საეპისკოპოსო ცენტრი ძველი ლაზიკასი.
"ამ საკითხის გადაწყვეტა საპატრიარქოს გვერდის ავლით, კატეგორიულად მიუღებელია მითუმეტეს, მაშინ, როცა საუბარია პეტრას უცხოურ კომპანიაზე გასხვისებაზე" – განაცხადა ახვლედიანმა.
პეტრას ციხესთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საუბარია ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ციხის დროებითი მართვის უფლებით გაცემაზე და საკითხი მის პრივატიზებას არ ეხება.
ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე პეტრას ციხე და მისი 3 200 კვ.მ ფართობის ტერიტორია, რომელიც აჭარაში სოფელ ციხისძირში მდებარეობს, გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტორს, სავარაუდოდ, 49-წლიანი იჯარით, სიმბოლურ თანხად – 1 ლარად გადაეცემა.
