გუგული მაღრაძემ სტუდენტური პარლამენტის ინიციატივით შეხვედრა გამართა
გუგული მაღრაძემ სტუდენტური პარლამენტის ინიციატივით შეხვედრა გამართა
23:17 22.05.2018
საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ინიციატივით, შეხვედრა შედგა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან გუგული მაღრაძესთან.

შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ცალკეულ დეპუტატებსა და სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრები დაინტერესდნენ დეპუტატის საქმიანობითა და აქტივობებით. გუგული მაღრაძემ ახალგაზრდებს ფილანტროპიისა და ქველმოქმედების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით თავისი მუშაობა გააცნო.

სტუდენტები ასევე, დაინტერესდნენ მედიაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადდა და უახლოეს მომავალში პარლამენტს წარედგინება. გუგული მაღრაძემ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა და მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს დაწვრილებით ესაუბრა მედიაციის პროცესის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მან გარკვეული დადებითი როლი ითამაშოს სხვადასხვა კონფლიქტების მოგვარებაში.

საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლები დაინტერესდნენ თუ როგორ ხედავს დეპუტატი განათლების დღევანდელ მდგომარეობას და რა ტიპის ცვლილებებს მიიჩნევს იგი მიზანშეწონილად, რაზეც გუგული მაღრაძემ საკუთარი მოსაზრება და ხედვა წარუდგინა ახალგაზრდებს.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

საქართველოს სტუდენტური პარლამენტი სტუდენტთა გაერთიანებას წარმოადგენს, რომლის მიზანია, საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ, სტუდენტთა ცნობიერების დონის ამაღლებას ასევე, სტუდენტთა მიერ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებასა და წარდგენაა საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში. მათი საქმიანობის სფერო ასევე ეხება საქართველოს მასშტაბით რაიონული შეხვედრების მოწყობას ახალგაზრდებთან , მათი პრობლემების გაცნობიერებას და მომავალი აქტივობის დაგეგმვაში ხელშეწყობას. საქართველოს სტუდენტურ პარლამენტს გააჩნია საქართველოს პარლამენტის მსგავსი სტრუქტურა და კომიტეტები.


ბეჭდვა