პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, გიუნტერ ბეჰლერს, შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო ასამბლეის და ორგანიზაციის აღმასრულებელი რგოლის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევებთან დაკავშირებით, ერთობლივი ჩართულობის ინსტრუმენტებზე იმსჯელეს.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო მხარესთან. გიუნტერ ბეჰლერი, რომელიც არის სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, სწორედ ორგანიზაციის სამთავრობო ნაწილს წარმოადგენს. სტუმართან შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ორგანიზაციის, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო შტოსთვის, რათა კიდევ უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართულნი მიმდინარე პროცესებში.
საპარლამენტო ასამბლეა ივლისში, ქალაქ ბერლინში გამართავს ყოველწლიურ სესიას და ძალიან გვინდა, რომ საქართველო დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყოს. შეხვედრაზე ასევე გავიარეთ ის თემები, რაც უკავშირდება ინციდენტებისა და პრევენციის მექანიზმებს, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს და ვიმსჯელეთ თუ რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად ჩავერთოთ ამ საკითხების არა მხოლოდ განხილვაში, არამედ დადებითი შედეგების მიღწევაში“ - განაცხადა გიგი წერეთელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
