დასაქმების სახელმწიფო მინისტრს აპარატის საქმიანობისთვის გამოყოფილი სახსრების განკარგვის
უფლებამოსილება აქვს.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის „დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი აწერს.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ერთეული 30 ადამინით განისაზღვრება, კერძოდ კი – სახელმწიფო მინისტრი, მინისტრის მოადგილე – 2, აპარატის უფროსი, დეპარტამენტის უფროსი – 3, მინისტრის მრჩეველი-2, მთავარი ბუღალტერი, მთავარი სპეციალისტი (იურისტი), მთავარი სპეციალისტი (კადრები და საქმისწარმოება), მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო შესყიდვები), პრესსპიკერი, მთავარი სპეციალისტი–5 და სპეციალისტი – 11.
აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
ამასთან, დადგენილებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისთვის გამოყოფილ სახსრებს, ხოლო მისი საქმიანობის ძირითადი ამოცანები უმუშევრობასთან ბრძოლის კონცეფციისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობაა, ასევე, უმუშევრობის დაძლევის მიზნით ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, დასაქმების სფეროში პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით სამეცნიერო-აკადემიურ წრეებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, შრომის ბაზრის იმ სექტორების გამოვლენა, სადაც არსებობს ან შესაძლებელია შეიქმნას ვაკანსიები; უმუშევრობის სისტემური და უმუშევართა რაოდენობის სტატისტიკური კვლევა.
ასევე, დასაქმების მინისტრს ევალება აპარატის საქმიანობის თაობაზე ფართო საზოგადოების რეგულარული ინფორმირება.
დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, სამთავრობო ცვლილებების განხორცილების დროს შეიქმნა.
აპარატის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტში 950 ათასი ლარი გაიწერა, რომელიც მიმდინარე წლის დარჩენილ ექვს თვეზე გადანაწილდება.
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ყოფილი დირექტორი პაატა ტრაპაიძე დაინიშნა.
