საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-
მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრა ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესის განხილვის შესაძლებლობას იძლევა.
ამის შესახებ ჯაბელიძემ პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია, რომელსაც საქართველოს მხრიდან გახსნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მდივნის ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ ძალიან მალევე იმართება ეს შეხვედრა. შეხვედრა მოგვცემს შესაძლებლობას რომ განვიხილოთ ის პროგრესი რაც ორმხრივ ურთიერთობებში გვაქვს მიღწეული, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო რომ 2017 წელი იყო განსაკუთრებულად წარმატებული საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში და ასევე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვიმსჯელოთ მომავალ ნაბიჯებზე, განსაკუთრებულად განვიხილავთ ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და ნატოს სამიტს, რომელიც უნდა გაიმართოს მიმდინარე წელს ბრიუსელში. შეხვედრაზე განხილული იქნება ხალხთაშორისი კონტაქტები, განათლების სფეროში ურთიერთობები, დემოკრატიის განმტკიცების პროცესში აშშ-ს მხარდაჭერა. შევეხებით სტრატეგიული პარტნიორობის ოთხივე მიმართულებით. რა თქმა უნდა ვისაუბრებთ საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, აშშ-ს მხარდაჭერა ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი როგორც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის განმტკიცების და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, რაც არის კარგად გამოხატული ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ს ჩართულობით და მათი მხარდაჭერით საერთაშორისო ფორუმებში“- განაცხადა ჯანელიძემ.
