საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ილია წულაიას განცხადებით, ბინათმშენებლობის კოოპერატივებთან
დაკავშირებით კახა კალაძის ინიციატივა ქალაქისთვის უპრეცედენტოა.
მისივე თქმით, ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირებს არცერთი ხელისუფლების დროს არცერთი კვადრატული მეტრი არ გადასცემიათ.
„აღნიშნული ინიციატივით 3000-მდე ოჯახი, რომლებიც თითქმის 30 წლის განმავლობაში უიმედოდ ელოდნენ ბინების მიღებას, უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართებით.
არცერთი ხელისუფლების დროს, არცერთი კვადრატული მეტრი არ გადასცემიათ ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირებს. ეს ვერ შეძლო ვერცერთმა თბილისის ყოფილმა მერმა. დღეს კი ეს რეალობაა და უახლოეს პერიოდში ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება. მე, როგორც თბილისის მაჟორიტარმა დეპუტატმა მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს ამ უაღრესად საჭირბოროტო ინიციატივისთვის და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაში“- განაცხადა წულაიამ.
