ჯონდი ბაღათურია წინასაარჩევნო დაპირებებს მოსახლეობასთან ხელშეკრულებით ამყარებს
ჯონდი ბაღათურია წინასაარჩევნო დაპირებებს მოსახლეობასთან ხელშეკრულებით ამყარებს
14:07 16.07.2012
პარტია „ქართული დასი“ მზად არის ქართველ ხალხთან ხელშეკრულება გააფორმოს, სადაც გაწერილი იქნება პარტიის ვალდებულებები პარლამენტში უმრავლესობით  მოსვლის შემდეგ და მოსახლეობის უფლება - გაიწვიოს მათი მანდატები ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

როგორც დღეს „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი საკითხი საპენსიო რეფორმა იქნება, რომლის შედეგად ასაკით პენსიონერების საშუალო პენსია 230 ლარამდე გაიზრდება, ხოლო მარჩენალდაკარგულებისა და ინვალიდების შემწეობა- 170 ლარამდე.

ამასთანავე, „ქართული დასი“ ამომრჩეველს მასშტაბური ამნისტიის გამოცხადებას და დაგროვილი კომუნალური გადასახადების ჩამოწერას პირდება.

„ჩვენ გამოვისყიდით ბანკებში მოსახლეობის მიერ ჩადებულ ქონებას და ხალხს გავათვისუფლებთ საბანკო დავალიანებებისგან, რაზეც მიმართული იქნება 408 მლნ ლარი“ - განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, ეს თანხა ასევე, წარიმართება სოფლის მეურნეობის სფეროში იაფი საბანკო პროდუქტის შესაქმნელად.
„თუ ამ დაპირებებიდან რომელიმე პუნქტი დაირღვევა, „ქართული დასი“ საკუთარ მანდატებზე პარლამენტში უარს იტყვის“ - განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, პარლამენტში პარტია პირველ რიგში საპენსიო რეფორმის, მასშტაბური ამნისტიის და კომუნალური გადასახადების საკითხებს დასვამს.

ბეჭდვა