საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, „პრორუსულმა ოპოზიციამ“ ჩაშალოს. ამის შესახებ სტატიას
Economist.com-ი აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, ამის საპირისპიროდ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ავტორიტარული რეჟიმისგან სისტემატიურ დისკრიმინაციაზე საუბრობს. გამოკითხვები კი ცხადყოფს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყნად ქართველების მხოლოდ 38%-ს მიაჩნია, მაშინ როდესაც თებერვალში ასე გამოკითხულთა 49% ფიქრობდა.
„როგორც „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ბოლოდროინდელ წინასაარჩევნო შეფასებაშია აღნიშნული, საქართველომ ბოლო წლებში რამდენიმე საკვანძო დემოკრატიული რეფორმა განახორციელა. ახალი ინსტიტუტები საარჩევნო სიის სიზუსტის გარანტიებს ქმნის და პარტიულ დაფინანსებას არეგულირებს“ - წერს economist.
აღნიშნული მედიასაშუალება მიიჩნევს, რომ Must carry-ის პრინციპის გაზიარება ოპოზიციური პარტიების მედიასთან წვდომას გააუმჯობესებს, რადგან ის საკაბელო ოპერატორებს ავალდებულებს ექვსკვირიანი კამპანიის პერიოდში ყველა ტელეკომპანიის საინფორმაციო მაუწყებლობა გაავრცელონ.
„NDI-ის დასკვნით, მთლიანობაში, წარსულ არჩევნებთან შედარებით, 2012 წლის საარჩევნო პროცესი უფრო ფორმალიზებული და დარეგულირებულია. მიუხედავად ამისა, ქართული პოლიტიკის ბნელი მხარე, ძალიან ცხადად მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა“- ნათქვამია სტატიაში.
ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ქართული ოცნებისთვის“ არაპროპორციული ჯარიმების დაკისრებაშია დადანაშაულებული, რის გადახდაზეც ივანიშვილი უარს აცხადებს.
„მანამ, სანამ პარლამენტმა Must carry-ის პრინციპი გაიზიარა, „მე-9 არხი“, რომლის თანამფლობელიც ივანიშვილის მეუღლეა და „გლობალ TV” - ერთადერთი მაუწყებელი, რომელიც მის სიგნალს გადასცემდა, თითქმის უწყვეტი დევნისგან დაზარალდა“- წერს economist.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის პოლიტიკურმა გამოღვიძებამ ქართველი ამომრჩევლებიც გამოაღვიძა, რის შედეგადაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზარმაზარი, მშვიდობიანი აქციები იმართება.
მასალა მომზადებულია „foreogn press”-ის თარგმანზე დაყრდნობით.
