პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის შემუშავებაში გარანტად სამოქალაქო და საერთაშორისო
საზოგადოების ჩართვას ითხოვს.
კოალიციის პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარტიებისთვის ქცევის დეკლარაციის შეთავაზება ქვეყანაში არსებული დემოკრატიის ხარისხზე მიანიშნებს.
„ის ფაქტი, რომ არჩევნების წინ პარტიებს სჭირდებათ ქცევის გარკვეულ კოდექსზე შეთანხმება, იმის კარგი ნიშანია, თუ როგორი დემოკრატიაა ქვეყანაში. წესით ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს საჭირო, მაგრამ ვითარების გათვალისწინებით, მისასალმებალია შეიქმნას ასეთი კოდექსი და პარტიები ქცევის წესებზე შეთანხმდნენ“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის ქცევის კოდექსის შემუშავების ინიციატივა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეკუთვნის, ამ თემაზე არასამთავრობოები და სამოქალაქო სექტორი უკვე მუშაობდა.
„მიგვაჩნია, რომ მსგავსი შეთანხმება უნდა მოხდეს სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩარევითა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით. მხოლოდ ამით შეგვიძლია მივიღოთ გარანტია, რომ და არა მხოლოდ არჩევნების დღე იქნება თავისუფალი და გამჭვირვალე, არამედ მთელი საარჩევნიო პროცესი“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი შეფასებით, ხელისუფლება, რომელიც პუნქტებად აყალიბებს იმ დებულებებს, რომელზეც შეთანხმებაა საჭირო და შემდეგ თავად არღვევს, მათი მხრიდან აღნიშნული ინიციატივით გამოსვლა ბადებს ეჭვს, რომ შეთანხმების ჩაშლა უნდათ.
ამასთან, ფანჯიკიძე იმედს გამოთქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა ორდღიან PR-ზე არ არის გათვლილი.
