თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და
მათი მოადგილეებისთვის სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ იმართება.
მერებს მისასალმებელი სიტყვით ვიცე პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმართა და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრება. მინისტრმა ევროკავშირთან ინტეგრაციულ პროცესებში ადგილობრივი თვითმმართველობების განსაკუთრებული როლზე გაამახვილა ყურადღება.
“ადგილობრივ თვითმმართველობებს განსაკუთრებული როლი ეკისრება ევროკავშირთან ინტეგრაციულ პროცესებში მოქალაქეების კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის უზრუნველყოფაში და ევროპულ ქვეყნებთან ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაში.” -აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განსაკუთრებულ მზად დინამიკაზე ისაუბრა. მან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ევროპულ ქალაქებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.
“ძალიან მიხარია, რომ საზღვარგარეთ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიური მონაწილეობით, დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს 120-მდე თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ევროპის სხვადასხვა ქალაქებთან. დაძმობილებული ქალაქები ხშირ შემთხვევაში ერთობლივ პროექტებს და კონკრეტულ ინიციატივებს ახორციელებენ, რაც ხელს უწყობს მხარეების არა მხოლოდ პოლიტიკურ დაახლოებას, არამედ სექტორულ თანამშრომლობას ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სპორტის, სატრანსპორტო და საქალაქო ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის და სხვა დარგებში. ეს პროცესი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რათა ჩვენი ქალაქები ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად ევროპულ ქალაქებად.” - განაცხადა მინისტრმა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგნენ ქ.თბილისის მერი კახა კალაძე, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორი ნინო ბოლქვაძე მიმართავენ. ღონისძიება „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში იმართება.
სტუმრებს, დღის განმავლობაში, ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ჩართული სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები საქართველოსა და ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე გაესაუბრებიან.
ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ხორციელდება.
„ევროპის დღეები 2018“ 22 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა. ღონისძიებები საგარეო საქმეთა სამინისტროს და სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, წელს მეექვსედ იმართება.
