„ქართული ოცნება“ კარალეთის ინციდენტში მონაწილე ე.წ. ზონდერ ჯგუფის სამი წევრის დასჯას ითხოვს
„ქართული ოცნება“ კარალეთის ინციდენტში მონაწილე ე.წ. ზონდერ ჯგუფის სამი წევრის დასჯას ითხოვს
12:13 16.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ კარალეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ე.წ. ზონდერ ჯგუფის სამი წევრის დასჯას ითხოვს.
როგორც დღეს, პრესკონფერენციაზე კოალიციის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, შიდა ქართლის სოფლებში „ქართული ოცნების“ ლიდერებს ამომრჩევლებთან შეხვედრისას ადგილობრივი ხელისუფლება წინასწარ მომზადებულ ჯგუფებს ახვედრებს, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან.
„კარალეთში ხელისუფლების მონდომებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის „ზონდერები“ შესაბამისი ქვებით შეაიარაღა“ - აღნიშნა კოალიციის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ითხოვს კარალეთის ინციდენტის გამოძიებას და იმ „ზონდერების“ დასჯას, რომელთა იდენტიფიცირება კოალიციამ სურათების საშუალებით შეძლო.
„პოლიციამ ჩვენი 4 წევრი დააკავა, საიდანაც კახაბერ გოგიაშვილს ტვინის შერყევა აქვს. ზაზა ადუაშვილის ბრალი, რომ მან ქალებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, იმ ვიდეო მასალიდან, რომელიც პოლიციამ წარმოადგინა, საერთოდ არ დასტურდება. ამ დროს კი მხოლოდ ორი ზონდერი ლევან მაისურაძე და გიორგი გოჩაშვილია დაკავებული“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, კოალიციამ იდენტიფიცირებული „ზონდერების“ - ვანო მიდოდაშვილის, ბესო კახნიაშვილის, გოგიტა გოჩაშვილის ფოტოები უწყებათაშორის კომისიას წარუდგინა და მათ მიმართ მკაცრი ზომები გატარება მოითხოვა, რათა ამ პირების დაუსჯელობამ სხვები არ წაახალისოს ქვების სროლასა და შეხვედრების ჩაშლაზე.



ბეჭდვა