პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში გამოსვლისას ახალ ინიციატივებს დააყენებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ინიციატივები ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდაა განკუთვნილი.
ამასთან, მანჯგალაძის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია, სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა პრეზიდენტის მოხსენების მთავარი თემა იქნება.
მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტი დასაქმების სფეროს, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ჯანდაცვის რეფორმებს, ასევე ახალგაზრდობის წინაშე მდგარ პრობლემებს შეეხება. საუბარი იქნება უსაფრთხოების საკითხებზეც.
"საინტერესოა ისიც, რომ ამ მოწვევის პარლამენტისათვის ეს არის პრეზიდენტის ბოლო მიმართვა. ასევე, ეს გახლავთ ბოლო მიმართვა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ამ შენობაში გაკეთდება. მომავალი პარლამენტი ქუთაისში განლაგდება და შესაბამისად, იქ იქნება ახალი მიმართვაც", - განაცხადა მან.
მანანა მანჯგალაძის ცნობით, პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტი 24 გვერდიანია და მას დაახლოებით 50 წუთი დასჭირდება.
სააკაშვილის მოხსენებით გამოსვლა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე ონლაინ რეჟიმშიც გადაიცემა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი პარლამენტის წინაშე დღეს წლიური მოხსენებით 20.00 საათზე წარსდგება.
