კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ პარტიების ქცევის დეკლარაციას სერიოზულად ვერ მიიღებს.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს დეკლარაციის შეფასებისას განუცხადა, ხელისუფლების კოდექსი ისაა, რაც რამდენიმე დღის წინ კარალეთში მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობისგან“ ქართველმა ხალხმა ვისწავლეთ, რაც სასწავლი იყო - მათ გვასწავლეს ქვების სროლა. მათგან მოწოდებულს არაფერს სერიოზულად არ მივიღებთ, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართველ ხალხს თავისი სახე უკვე აჩვენა“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე შეფასებით, მმართველ პარტიას მხოლოდ ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მათი დასჯა და ერთმანეთთან დაპირისპირება შეუძლია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიისთვის ერთობლივი დეკლარაციის მიღებას სთავაზობს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკლარაციის ხელმომწერმა პარტიებმა, მიუხედავად არსებითი განსხვავებისა, მრავალ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღიარონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.
„ვაცნობიერებთ რა საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისათვის ძირითად საკითხებზე შეთანხმების აუცილებლობას, ვაწერთ ხელს წინამდებარე დეკლარაციას და საჯაროდ ვაცხადებთ - უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით. უარს ვამბობთ აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას. უარს ვამბობთ ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე. მზად ვართ ვაწარმოოთ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია“ - ნათქვამია დეკლარაციაში.
