"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურის შეფასებით, ხელისუფლებას სიმართლის შიში აქვს, რის გამოც ფრაქციას "ერთობა სამართლიანობისთვის" 30 წუთის ნაცვლად, პოლიტიკურ დებატების დროს 15 წუთი გამოუყო.
აღნიშნული განცხადება ბაღათურიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და პოლიტიკაში პროტექციონიზმიც დაგმო.
ჯონდი ბაღათურიამ უკანონო და უსამართლო უწოდა პოლიტიკური დებატების დროს ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" 15- წუთიანი დროის გამოყოფას.
"ერთი საათისა და 35 წუთის განმავლობაში გამოვა უმრავლესობის ფრაქციიდან აკაკი მინაშვილი და გოკა გაბაშვილი და ხალხს ნერვებს მოუშლიან, 1 საათისა და 35 წუთი ისაუბრებს თორთლაძე–თარგამაძის გუნდი, ჩვენ კი - მხოლოდ 15 წუთი გვერგო. მესმის იმ შიშის, რომელიც ხელისუფლებას აქვს სიმართლის მიმართ", – განაცხადა ბაღათურიამ.
პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა პარლამენტში 20.00 საათზე დღეს დაიწყება. ამის შემდეგ პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართება, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.
