კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს არ დაუწყია, მაგრამ ხელისუფლების მოქმედებები იმ დროს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
„მე არ მიმაჩნია, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ჩვენ არ გადავსულვართ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ვერსად გავექცევით იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ სამხედრო მოქმედებები წამოიწყო ისე, რომ ვერ გათვალა შესაძლო შედეგები“ - განაცხადა ივანიშვილმა გორში მიმდინარე აქციაზე.
მისი თქმით, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სამარცხვინოდ იქცეოდნენ.
„პატივი და დიდება ყველა ქართველს, ვინც გმირულად იბრძოდა და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა სამშობლოს, მაგრამ უზნეობაა ის, რომ ლამის გამარჯვებად გამოაცხადო ომი, რომელსაც 100-ზე მეტი სოფლის ოკუპაცია მოჰყვა“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მან საქართველოს სტარტეგიული პარტნიორებისგან - აშშ-სგან, ევროკავშირისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან უფრო ქმედითი მხარდაჭერის მოპოვების აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც, მისივე თქმით, მხოლოდ დემოკრატიის გზაზე რეალურად დადგომის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
როგორც კოალიციის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, ოსებთან აუცილებლად დაიწყება პირდაპირი დიალოგი.
„აუცილებლად დავიწყებთ პირდაპირ დიალოგს ჩვენს ოს ძმებთან, გამოვიყენებთ სახალხო დიპლომატიას, გამოვნახავთ საერთოს და ამას დაეყრდნობა ჩვენი სამომავლო ურთიერთობა“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ქართველებმა და ოსებმა ერთად უნდა შეძლონ ურთიერთობის აღდგენა.
