ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ბულგარეთის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ერთობლივი განცხადება იქნა მიღებული, რომელსაც ხელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ და ჯემა გროჟდანოვამ, ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მოაწერეს. განცხადება მოიცავს თანხმობას იმის შესახებ, რომ მხარეები გააგრძელებენ მუშაობას საქართველოს ევროკავშირის და ნატო-ს მომავალი წევრობისთვის, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე ევროპის ქვეყნებისთვის.
ერთობლივი კომიტეტთაშორისი განცხადება წარმოადგენს შეთანხმებას, რომ მხარეები გააგრძელებენ მუშაობას საქართველოს ევროკავშირის და ნატო-ს მომავალი წევრობისთვის, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე ევროპის ქვეყნებისთვის.
განცხადება ადასტურებს კომიტეტებს შორის მჭიდრო კავშირების აღიარებას, დემოკრატიის საერთო ღირებულებების დაცვას და პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და ხალხთა შორისი ურთიერთობების გაძლიერებას.
განცხადება ასევე მოიცავს თანამშრომლობის გაძლიერებას კომიტეტების წევრებსა და ადმინისტრაციას შორის გამოცდილების გაზიარებისა და ექსპერტული მხარდაჭერის თვალსაზრისით და პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით.
განცხადებაზე ხელმოწერის ცერემონია პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართა. ერთობლივი განცხადების გაფორმებამდე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს.
