„რესპუბლიკური პარტისა“ და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული პოლიტიკური პარტიების ქცევის დეკლარაციის შინაარსი არასერიოზულია.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნული დეკლარაციის შეფასებისას განაცხადა, მსგავს დოკუმენტებს პარტიები არ წერენ.
„ასეთ დეკლარაციებს საზოგადოებრივი ორგანიზაციები წერენ და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობენ, ხელისუფლების მხრიდან კი, ამ პროცესის შუაში ჩახტომა ნიშნავს, რომ ის შედეგით არ არის დაინტერესებული“ - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, მას არ სჯერა ისეთი დეკლარაციების, რომელშიც კანონდამრღვევი ამბობს, რომ აქამდე კანონს არღვევდა, მაგრამ დეკლარაციაზე ხელის მოწერის შემდეგ აღარ დაარღვევს.
ხიდაშელის შეფასებით, მსგავსი სახის დეკლარაციებზე ხელის მოწერაზე კითხვის დასმაც კი არაადეკვატურია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიისთვის ერთობლივი დეკლარაციის მიღებას სთავაზობს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკლარაციის ხელმომწერმა პარტიებმა, მიუხედავად არსებითი განსხვავებისა, მრავალ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღიარონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.
„ვაცნობიერებთ რა საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისათვის ძირითად საკითხებზე შეთანხმების აუცილებლობას, ვაწერთ ხელს წინამდებარე დეკლარაციას და საჯაროდ ვაცხადებთ - უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით. უარს ვამბობთ აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას. უარს ვამბობთ ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე. მზად ვართ ვაწარმოოთ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია“ - ნათქვამია დეკლარაციაში.
