„თავისუფალი საქართველო“ დეკლარაციას მხოლოდ რამდენიმე პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუერთდება
„თავისუფალი საქართველო“ დეკლარაციას მხოლოდ რამდენიმე პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუერთდება
18:24 15.07.2012
პარტია „თავისუფალი საქართველო“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ დეკლარაციას, რომელიც წინსაარჩევნოდ ქცევის ერთიან წესებზე შეთანხმებას გულისხმობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ ხელისუფლება რამდენიმე წინაპირობას შეასრულებს.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, ვიდრე „ნაციონალური მოძრობა“ წინასაარჩევნო წესებსა და ქცევის ნორმებზე საუბარს დაიწყებს, ჯერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონი უნდა გააუქმოს. პარტია ასევე იმ პირების დასჯას მოითხოვს, რომელთაც, შალამბერიძის თქმით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ოპოზიციის წინაშე დანაშაული ჩაიდინეს.

„მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საუბარი ეთიკის ნორმებზე“-განაცხადა შალამბერიძემ.

მისივე შეფასებით, მაშინ, როდესაც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს დევნიან და ავიწროებენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებიან, ხოლო კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ სრულიად დისკრიმინაციულია, „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან“ აღნიშნული დეკლარაციის ინიცირება თვალთმაქცობა და მორიგი პიარია, რათა დასავლეთის თვალში თავი დემოკრატად წარმოაჩინოს.

„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ეთიკის ნორმებზე არ უნდა საუბრობდეს“-განაცხადა მან.

შალამბერიძე აცხადებს, რომ „თავისუფალმა საქართველომ“ უწყებათაშორის კომისიას არაერთხელ აცნობა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესს ახლავს თან, თუმცა, კომისიის მხრიდან რეაგირება არც ერთ მიმართვას არ მოყოლია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიისთვის ერთობლივი დეკლარაციის მიღებას სთავაზობს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკლარაციის ხელმომწერმა პარტიებმა, მიუხედავად არსებითი განსხვავებისა, მრავალ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღიარონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.

„ვაცნობიერებთ რა საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისათვის ძირითად საკითხებზე შეთანხმების აუცილებლობას, ვაწერთ ხელს წინამდებარე დეკლარაციას და საჯაროდ ვაცხადებთ - უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით. უარს ვამბობთ აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას. უარს ვამბობთ ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე. მზად ვართ ვაწარმოოთ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია“ - ნათქვამია დეკლარაციაში.

ბეჭდვა