ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ ვეღარავინ შეაჩერებს
ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ ვეღარავინ შეაჩერებს
18:18 15.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ მოლოდინი იმდენად დიდია, რომ ამ ძალას ვერავინ შეაჩერებს.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, დღეს გორის აქციაზე ძალიან ბევრ ხალხს ელოდება, შესაბამისად, ის პროვოკაციების ალბათობას გამორიცხავს.

„როდესაც აქციაზე ბევრი ხალხია, ხელისუფლება პროვოკაციას ვერ გაბედავს. მსგავსი ტიპის პროვოკაციები, რასაც ისინი მთელი კვირის განმავლობაში ჩვენს მიმართ ახორციელებდნენ, მცირე ჯგუფების მოსახლოებასთან შეხვედრის დროს არის მოსალოდნელი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის“ - მიაჩნია ბესელიას.

მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება შიდა ქართლში მოსახლეობას აშინდებდა, რათა შეხვედრაზე არ გასულიყვნენ.

„მე ვიყავი ბევრ სოფელში ჩასული და პირადად მეუბნებოდნენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს, მაგრამ იმდენად დიდია მოლოდინი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ არ მგონია, ეს ძალა ვინემ შეაჩეროს და ხელისუფლებამ ხალხში ამ იმედის ჩაკვლა შეძლოს“ -განაცხადა ბესელია.

ამ დროისთვის, გორში დაგეგმილ აქციას უკვე შეუერთდა კასპის, ქარელის და ხაშურის კოლონები. გორის ე.წ. კომბინატის დასახლების კულტურის სახლთან რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. აქცია ერთ საათში დაიწყება. ადგილზე იმყოფებიან „ქარული ოცნების“ ლიდერები - ეკა ბესელია, კახი კალაძე, სოზარ სუბარი და მანანა კობახიძე.

ბეჭდვა