მანანა კობახიძე - ხელისუფლება გორის აქციაზე პროვოკაციების მოწყობას ვერ გაბედავს
მანანა კობახიძე - ხელისუფლება გორის აქციაზე პროვოკაციების მოწყობას ვერ გაბედავს
13:09 15.07.2012
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მანანა კობახიძის შეფასებით, ხელისუფლება კოალიცია „ქართული ოცნების მიერ გორში დაგეგმილ აქციაზე პროვოკაციების მოწყობას ვერ გაბედავს.

როგორც კობახიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, კოალიცია თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რომ აქციამ მშვიდობიანად ჩაიაროს.

„არ მგონია, ხელისუფლებამ გაბედოს და ის, რაც კარალეთში და მერეთში მოხდა, გორში განახორციელოს, რადგან ახლა მთელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ამ აქციებისკენაა მომართული“ - განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, კოალიციის მიმართ ხელისუფლების მიერ შიდა ქართლში განხორცილებული პროვოკაციები ხალხის დაშინებას ისახავდა მიზნად, რომ მოსახლეობას გორში დაგეგმილ აქციაზე მისვლა შეშინებოდა.

ამასთან, კობახიძე მხარდამჭერებს მოუწოდებს ნუ შეეშინდებათ პროვოკაციების.

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქცია დღეს, 19:00 საათზე გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში კულტურის სახლთან გაიმართება.

ბეჭდვა