პარტიების ქცევის დეკლარაციაზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მიიღებს
პარტიების ქცევის დეკლარაციაზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მიიღებს
12:42 15.07.2012
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების ქცევის დეკლარაცია არ  არის იმის გარანტია, რომ საარჩევნო გარემო დაცული იქნება.

ამის შესახებ კობახიძემ „ნიუსპრესს“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული დეკლარაციის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, დეკლარაციაზე ხელის მოწერის გადაწყვეტილებას კოალიციის პოლიტსაბჭო მიიღებს.

„რაც შეეხება დეკლარაციაში მითითებულ აკრძალვების ჩამონათვალს, ეს ისედაც სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული ქმედებებია. ამის გათვალისწინებით, ჩვენ პრინციპებს ვეთანხმებით, რომ აღნიშნული ქმედებები არ შეიძლება იყოს წინასაარჩევნოდ გამოყენებული, მაგრამ ცალკეულ პუნქტებთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები გვაქვს და ამაზე დისკუსია და მსჯელობა უნდა გაიმართოს“ - აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის შეფასებით, დოკუმენტში ჩამოთვლილი ქმედებები, კანონით აკრძალულია, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ მაინც ხორციელდება.

„ერთია რას წერენ და მეორეა - რას ასრულებენ. რომც მოვაწეროთ ხელი, ეს დეკლარაცია არ არის გარანტია, რომ საარჩევნო გარემო დაცული იქნება“ - მიაჩნია პარტიის ლიდერს.

მისივე შეფასებით, ძნელია, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი დეკლარაცია განსაკუთრებული პრევენციის საშუალებად აღიქვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიისთვის ერთობლივი დეკლარაციის მიღებას სთავაზობს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკლარაციის ხელმომწერმა პარტიებმა, მიუხედავად არსებითი განსხვავებისა, მრავალ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღიარონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.
„ვაცნობიერებთ რა საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისათვის ძირითად საკითხებზე შეთანხმების აუცილებლობას, ვაწერთ ხელს წინამდებარე დეკლარაციას და საჯაროდ ვაცხადებთ - უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით. უარს ვამბობთ აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას. უარს ვამბობთ ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე. მზად ვართ ვაწარმოოთ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია“ - ნათქვამია დეკლარაციაში.

ბეჭდვა