სტოკჰოლმში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა
სტოკჰოლმში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა
16:11 27.04.2018
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში, შვედეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართველი მხატვრებისა და პოეტების მონაწილეობით ღონისძიებები გაიმართა.

სტოკჰოლმის კულტურის სახლში ლიტერატურული ფესტივალი და წიგნის გამოფენა-ბაზრობა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შვედეთში მცხოვრებმა ცნობილმა ქართველმა პოეტმა და პერფორმანს არტისტმა ზურაბ რთველიაშვილმა.
ზურაბ რთველიაშვილის გამოსვლას სტოკჰოლმის ლიტერატურულ ფესტივალზე დაესწრო საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე.
ღონისძიებების ფარგლებში, სტოკჰოლმში გალერეა “Bellange”-ში, ცნობილი ქართველი მხატვრის, ოთარ იმერლიშვილის გამოფენა გაიხსნა. გამოფენა გახსნა საქართველოს ელჩმა, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.გამოფენის გახსნას დაესწრო თავად მხატვარი ოთარ იმერლიშვილი, სტოკჰოლმის დიპლომტიური კორპუსის წევრები, შვედეთის კულტურული და აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ასევე,გალერეა ”Bellange”-ში ქართული საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სტოკჰოლმში მოქმედმა ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ნერგები“, რომელსაც ლელა კუხიანიძე ხელმძღვანელობს.ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე და პირველი მდივანი ვალერიან ბოდაველი.
სტოკჰოლმში ასევე გაიმართა დამოუკიდებელი ხელოვნების გამოფენა-ბაზრობა Supermarket Art Fair. გამოფენა ბაზრობაზე საქართველოდან მიწვეული იყო ხელოვანთა კოლექტივი "InChina“. წარმოდგენილი იქნა ექვსი თანამედროვე ახალგაზრდა ქართველი მხატვრის გამოფენა სახელწოდებით "Big Shop, Freak Show InChina". ქართველი მხატვრების გამოფენის ორგანიზება Supermarket Art Fair-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გამოფენა-ბაზრობას დაესწრო მალხაზ კაკაბაძე.



ბეჭდვა