„ქართული ოცნება“ შსს-ს მოუწოდებს გორში დღეს დაგეგმილ აქციაზე მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყოს
„ქართული ოცნება“ შსს-ს მოუწოდებს გორში დღეს დაგეგმილ აქციაზე მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყოს
10:33 15.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნება“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დღეს გორში დაგეგმილ აქციაზე მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამის შესახებ  ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
„კოალიცია „ქართული ოცნება“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა და უზრუნველყოს ზემოაღნიშნული აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება როგორც აქციის მიმდინარეობისას, ისე გზებზე მოქალაქეთა გადაადგილების დროს. კოალიცია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ გადაუხვევს პოლიტიკური ბრძოლის არჩეულ გზას და კონსტიტუციური გზით, კანონის სრული დაცვით გააგრძელებს თავის საქმიანობას და არჩევნებში გამარჯვებით შეცვლის ამ ხელისუფლებას“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ გორში დაგეგმილ წინასაარჩევნო აქციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
ამასთან, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კოალიციის ხალხთან შეხვედრების ჩასაშლელად ხელისუფლება იყენებს მორჩილი ჩინოვნიკებისა და მათი ნათესავებისგან შემდგარ ე.წ. „რაზმებს“, სწორედ ამ „რაზმებს“ უპირისპირებს ხალხს და ამით ცდილობს შექმნას ისეთი სურათი, თითქოს ორად გახლეჩილი მოსახლეობა ერთმანეთს უპირისპირდება.
„ხელისუფლება იყენებს ყოვლად დაუშვებელ, ფაქტობრივად, ანტისახელმწიფოებრივ მეთოდებს, რომელსაც გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ბოლო დღეებში, გორის სოფლებსა და ადმინისტრაციული საზღვრის პირას, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან კოალიციის წარმომადგენელთა შეხვედრებზე ხელისუფლების მიერ მოწყობილმა დაპირისპირებამ ყოვლად დაუშვებელი სახე მიიღო და საშიში ტენდენციები გამოიკვეთა“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ აღკვეთოს ასეთი დაპირისპირებები, რათა ეს პროცესები კიდევ ერთხელ არ გასცდეს კონსტიტუციის ფარგლებს და არ გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში.


ბეჭდვა