„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიისთვის ერთობლივი
დეკლარაციის მიღებას სთავაზობს.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ხელმომწერმა პარტიებმა, მიუხედავად არსებითი განსხვავებისა, მრავალ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღიარონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.
„ვაცნობიერებთ რა საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისათვის ძირითად საკითხებზე შეთანხმების აუცილებლობას, ვაწერთ ხელს წინამდებარე დეკლარაციას და საჯაროდ ვაცხადებთ - უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით. უარს ვამბობთ აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას. უარს ვამბობთ ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე. მზად ვართ ვაწარმოოთ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია“ - ნათქვამია დეკლარაციაში.
ასევე, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტიებს სთავაზობს უარი თქვან ამომრჩევლის მოსყიდვაზე.
„მზად ვართ განუხრელად დავიცვათ ცესკოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით; ვიღებთ პასუხისმგებლობას, ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე“ - აღნიშნულია დეკლარაციაში.
