საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა კატარის საგარეო
საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან სოლტან ბინ საად ალ მურაიქისთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი საკითხები, ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და კატარის დაინტერესება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებით. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ბიზნეს კონტაქტების გაძლიერების მნიშვნელობას.
უწყების ცნობითვე, აღინიშნა, რომ პირდაპირი ფრენები ხელს უწყობს ტურიზმის ნაკადის ზრდას და ორივე ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში და განხილულ იქნა რეგიონალური გამოწვევები.
