პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი წინასაარჩევნო აქცია დღეს გორში, ე.წ კომბინატის დასახლებაში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა განუცხადეს, დღევანდელი აქციისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
მათი ინფორმაციით, კოალიციის ლიდერები აქციასთან დაკავშირებით მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრებზე აქციის მონაწილე მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეაგროვეს.
„ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციას სხვა ლიდერებთან ერთად, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება და მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
სავარაუდოდ, დღესვე, კოალიცია შიდა ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსაც წარადგენს.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქცია 27 მაისს თბილისში, 10 ივნისს ქუთაისში, 17 ივნისს ოზურგეთში, 30 ივნისს კი მცხეთაში უკვე გაიმართა.
აქცია გორში 19:00 საათზე დაიწყება.
