ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის განცხადებით, საქართველო ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის არაჩვეულებრივი მაგალითია.
მისივე თქმით, ერთ დღეს საქართველო ნატოს წევრი გახდება, მანამდე კი პარტნიორობა უნდა გაღრმავდეს.
ამის შესახებ ალიმ ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის 97-ე სემინარის ფარგლებში ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
„ერთ დღეს საქართველო ნატოს წევრი გახდება და მანამდე პარტნიორობა უნდა გავაღრმავოთ. საამისოდ რეფორმების გაგრძელებაა საჭირო. საქართველოსა და შავი ზღვის უსაფრთხოება ევროპული უსაფრხოების ნაწილია. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმ გაუგებრობების ფონზე რაც რეგიონშია. რუსეთს თქვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ანექსირებულია ყირიმი. რუსეთი იბრძვის სირიაში პოზიციების გამყარებისთვისაც, სადაც პირდაპირ მუშაობს ასადის რეჟიმთან. ალიანსის წინაშე დგას დიდი ამოცანა, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შენარჩუნების თვალსაზრისით. საქართველო არის არაჩვეულებრივი მაგალითი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის. ეს ინტეგრაცია არის ტრანსფორმაციის საშუალება- დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გარანტი"- თქვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
