საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყაზბეგში ახალი სასტუმროს გახსნას რუსებთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნების
საწინდრად აფასებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ყაზბეგში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსებთან ურთიერთობა და სახალხო დიპლომატია სწორედ ეს არის, რადგან მარტო ამ სასტუმროში ასიათასობით რუსი ჩამოვა. საქართველოში ჩამოსული რუსები კი ნორმალურ, მშვიდობიან საქართველოს ნახავენ.
„ნახავენ, რომ ყაზბეგის თბილისთან დაკავშირება გვირაბით მოხდება. ამ გვირაბისთვის პრაქტიკულად ფული მოძიებული გვაქვს. ეს ყველაზე რთული გვირაბია, რაც საქართველოს ისტორიაში აშენებულა. ოღონდ როკის გვირაბისგან განსხვავებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მიმოსვლის დაწყების შემდეგ რუსეთის მთავრობას საქართველოში ახალი ავანტიურის მოწყობა ძალიან გაუჭირდება.
პრეზიდენტის თქმით, რუსებთან ურთიერთობის შენარჩუნებისთვის ხალხთა შორის ურთიერთობები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს.
„საზღვართან რამდენიმეჯერ კამერების გარეშე მივედი და ხალხს ხელი ჩამოვართვი. იქ საქართველოს მტრები არ არიან, უბრალოდ მთავრობა ჰყავთ ასეთი, რომლებიც ჯერჯერობით ასე ფიქრობენ. მთავარი ხალხთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებაა. ეს სასტუმრო კი ამის ძალიან მნიშვნელოვანი საწინდარია“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი დღეს ყაზბეგს ესტუმრა და დაბა სტეფანწმინდაში 156 ნომრიანი ახლადგახსნილი სასტუმრო „რუმს ყაზბეგი“ დაათვალიერა.
