გრიგოლ ვაშაძე - ავღანეთიდან ქართული საჯარისო შენაერთი 2014 წელს გამოვა
გრიგოლ ვაშაძე - ავღანეთიდან ქართული საჯარისო შენაერთი 2014 წელს გამოვა
15:32 14.07.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ავღანეთიდან ქართული საჯარისო შენაერთი 2014 წელს გამოვა.

ამის შესახებ ვაშაძემ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორის ალექსანდრე ბენედიქტოვისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კორესპონდენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეეკითხა, რომ იმ დროს, როდესაც ავღანეთიდან ჯარი ყველას გაჰყავს, რატომ ზრდის საქართველო იქ სამხედრო კონტიგენტს.

ვაშაძის თქმით, ავღანეთიდან ჯერ არ არის გაყვანილი ყველას ჯარი და პრინციპით - „in together“, „out together“ საქართველო სამხედრო კონტიგენტს 900 ჯარისკაციდან 1700-მდე გაზრდის.

„ჩვენ გავზრდით კონტიგენტს. ავღანეთიდან ჩვენ გავალთ 2014 წელს, მაშინ როცა ყველა გავა, რადგან ეს კოალიციას სჭირდება. ყველა სახელმწიფოს, რომელიც კოალიციაშია გაერთიანებული, სურს რომ ავღანეთი კვლავ არ იქცეს ალ-ქაიდას დასაყრდენ, ტერორიზმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის გიგანტურ კერად“ - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მოსკოვში მადლობლებიც კი უნდა იყვნენ, რომ საქართველო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობს, რადგან ეს რუსეთის ინტერესებშიც შედის.

„როდესაც კოალიცია ავღანეთიდან გამოვა, ვნახავთ რუსეთი როგორ უზრუნველყოფს სამხრეთის საზღვრების უსაფრთხოების დაცვას“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბეჭდვა