საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების ციკლს აგრძელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება საჯარო ლექცია თემატიკაზე - საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების ისტორიიდან, რომელსაც წაიკითხავს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი დიმიტრი შველიძე.
დიმიტრი შველიძე ისაუბრებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე ფაქტო და დე იურე აღიარების საკითხებზე, რაც იმ დროისთვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უპირველესი საზრუნავი იყო. საჯარო ლექციის ფარგლებში, დიმიტრი შველიძე ასევე ისაუბრებს ამ მიმართულებით საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ძალისხმევაზე.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის დიმიტრი შველიძის გამოკვლევები ეხება XIX-XX საუკუნეების პოლიტიკური პარტიების, ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ეროვნული სახელმწიფოს აღდგენისათვის ბრძოლის ისტორიის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი, მისი ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიკოსმა სტუდენტებმა მოამზადეს საგაზეთო ინფორმაციების კრებული სათაურით „დამოუკიდებლობის 1028 დღე. პირველი რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე. 1917-1921“.
საიუბილეო თარიღის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მასშტაბით შემეცნებითი, კულტურული და საზოგადოებრივი აქტივობების ჩატარებაში. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, საგარეო უწყების ორგანიზებით, დემოკრატიული რესპუბლიკის თემატიკაზე დაგეგმილია საჯარო ლექციების, ისტორიული ფოტო გამოფენების, ღია კარის დღეებისა და სტუდენტური შეჯიბრების ჩატარება.
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სრული ინფორმაციია განთავსებული საგარეო საქმეთა სამინსიტროს ვებ და სოციალური ქსელების გვერდებზე.
ლექცია 18:00 სთ-ზე დაიწება.
