საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში რამდენიმე საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დალი ხომერიკის მოადგილედ დევნილთა საკითხების მიმართულებით, ვალერი კოპალეიშვილი დაინიშნა. კოპალეიშვილი მანამ სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ის ასევე, ჩართული იყო დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმის, სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში და დონორებთან კომუნიკაციას კურირებდა.
დევნილთა დეპარტამენტს ირაკლი ბოკუჩავა უხელმძღვანელებს. მას დევნილთა უფლებების დაცვის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება გააჩნია.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ დეპარტამენტს ასევე მონიტორინგის ფუნქციაც დაემატა. დევნილთათვის განხორციელებული პროექტების მონიტორინგს სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველო განახორციელებს.
