ეუთოს საპარლამენტო ასამბლიის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღება ცხადყოფს, რომ მათ არ სურთ 2008 წლის შემდეგ
კავკასიაში შექმნილი ახალი რეალობა აღიარონ და ამით ხელს უშლიან რეგიონის სტაბილიზაციასა და მშვიდობის განმტკიცებას.
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სააგენტო „რია ნოვოსტი“ აქვეყნებს.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების უმრავლესობას კვლავ არ სურთ აღიარონ კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი რეალობა“ - ნათქვამია განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ ეუთო თავის პოზიციით უარყოფს შესაძლებლობას წვლილი შეიტანოს რეგიონის უსაფრთოხებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის შემდეგ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე რეზოლუციის განხილვა მხოლოდ ქართული მხარის მონაწილებით არ უნდა ხდებოდეს. ორგანიზაცია ამ დრომდე ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ არ აღიარებს, რაც ეუთოს დამკვირვებლების ამ ტერიტორიებზე დაუშვებლობის მიზეზი გახდა.
9 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლიამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც აფახეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ რეგიონებად არის მოხსენებული.
ასევე, ეუთო თავის რეზოლუციაში რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებას მოითხოვს.
