ივანიშვილის თქმით რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ნატოს და ევროპის ხარჯზე არ მოხდება
ივანიშვილის თქმით რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ნატოს და ევროპის ხარჯზე არ მოხდება
12:31 14.07.2012
რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დალაგება ნატოს და ევროპის ხარჯზე არ მოხდება.
ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „თრიალეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვისაც გონია, რომ საქართველოს აქვს სხვა არჩევანი გარდა ევროატლანტიკური გზით განვითარებისა, ძალიან ცდება. კაცობრიობას ნატოზე უკეთესი ჯერ არ გამოუგონებია, ამიტომ ეს არის ჩვენი არჩევანიც და სტრატეგიაც, რომლის შეცვლაც არაფრის ხარჯზე არ შეიძლება მოხდეს“ - აცხადებს ივანიშვილი.

მისივე შეფასებით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, უსაფრთხოების მხრივ ნატოს ალტერნატივა არ აქვს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რეალურად, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გავხდეთ და არა ისე ფასადურად, როგორც ამას ხელისუფლება აკეთებს. ასეთ არადემოკრატიულ ქვეყანას, ასეთი მმართველობის პირობებში ნატოში არ მიიღებენ“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნატოში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს, საქართველოს რუსეთთან საზღვარს ვერავინ შეუცვლის, შესაბამისად აუცილებელია კრემლთან ურთიერთობების დალაგებაც.

ბეჭდვა