ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილი რუსეთის პროვოკაციაზე იმიტომ წამოეგო, რომ სავარძლის დაკარგვის შეეშინდა
ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილი რუსეთის პროვოკაციაზე იმიტომ წამოეგო, რომ სავარძლის დაკარგვის შეეშინდა
11:40 14.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის პროვოკაციაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ იმიტომ წამოეგო, რომ ოპოზიციისა და სავარძლის დაკარგვის შეეშინდა.  

როგორც ტელეკომპანია „თრიალეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წელს სააკაშვილს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ოპოზიციასთან, რომელიც მუდმივად ახსენებდა, რომ სექტემბერ-ოქტობერში დიდ გამოსვლებს დაიწყებდა და მას კატასტროფა ელოდა.

„ეს იყო პირველი მზაობა, იმ მოვლენების რომელიც 2008 წლის აგვისტოში განვითარდა. მას, რომ როგორმე მოეხერხებინა სავარძელის შენარჩუნება, გამოსავალს ამაში ხედავად, თუმცა ოდესღაც მსგავს გამოსავალზე უარი ვათქმევინე და ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა ყველაზე უარესი რაც საქართველოს ისტორიაში შეიძლება მომხდარიყო“ - აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.

მისივე განცხადებით, სწორად იმუშავა რუსულმა დაზვერვამაც, როცა სააკაშვილს სატყუარები გადმოუგდო. მას ჰპირდებოდნენ, რომ სამშვიდობოები ხელს არ გაანძრევდნენ და კოკოითის მოშორებაში დაეხმარებოდნენ.

„წინასწარი განცხადებები კეთდებოდა, რომ რუსეთის მთავრობას კოკოითი ყელში ამოუვიდა, კრემლიდანაც უთვლიდნენ, რომ ხელს არ გაანძრევდნენ. ეს სააკაშვილმა თავის დროზე მეც მითხრა. ვუპასუხე რომ ეს აბსოლუტური სისულელეა და თუ კრემლი ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც დაერეკათ არ დაეჯერებინა“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ტრაგიკულად განვითარების მიზეზი იყო ერთის მხრივ მოსკოვის „სწორი თამაში“, თუმცა მთავარი მიზეზი სააკაშვლის პროვოკაციაზე წამოგება და ოპოზიციისა და სავარძლის დაკარგვის საფრთხის შიში იყო.

ბეჭდვა