პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლის მოსახლეობას 15 ივლისს გორში დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
მოწოდება ივანიშვილმა ტელეკომპანია „თრიალეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაახმოვანა.
„ქართლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ის არის ყველა კუთხის შემკრები, გამაერთიანებელი და მას საქართველოს გულს ტყუილად არ უწოდებენ. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ქართლელებს მიუხედავად იმისა რაც მოხდა კარალეთში, აუცილებლად მოვიდნენ გორის აქციაზე, რომ ხელისუფლებას ჩვენი მუხტი და ძალა ვაჩვენოთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, კოალიციის ლიდერის თქმით, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ წევრებმა შიდა ქართლში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს, ექსცესები ყოველდღე ხდებოდა.
„ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიურად ხდება უბადრუკი ექსცესები, ისეთი როგორიც კარალეთში მოხდა, როცა ჩვენს წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს და აგინეს. კოალიციის ძირითადი მოწინააღმდეგები დღეს არიან ერთი და იგივე ადამიანები, რომლებსაც ჩვენს შეხვედრებზე დაატარებენ“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ინციდენტის ყველა მონაწილე მინისტრებისა და გამგებელების ნათესავები, ასევე პოლიციასთან პირდაპირ დაკავშირებული პირები არიან.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქცია გორში, კომბინატის დასახლებაში 15 ივლისს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.
