ნანა კაკაბაძის განცხადებით, პატიმართა და პოლიტპატიმართა რაოდენობით საქართველო რუსეთს უსწრებს
ნანა კაკაბაძის განცხადებით, პატიმართა და პოლიტპატიმართა რაოდენობით საქართველო რუსეთს უსწრებს
18:31 13.07.2012
საქართველო პატიმართა და პოლიტპატიმართა რაოდენობით, მოსახლეობასთან პროპორციული შეფარდებით რუსეთს უსწრებს.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ დღეს რუს უფლებათადამცველებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოში გაცილებით მძიმე ვითარებაა მართლმსაჯულებისა და პენიტენციალურ სისტემებში ვიდრე რუსეთში, თუმცა, მიუხედავად ამისა, საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთისგან განსხვავებით საქართველოს დემოკრატიულ ქვეყანას უწოდებს“ - განაცხადა კაკაბაძემ და აღნიშნა, რომ ეს ორმაგ სტანდარტებსა და მიდგომაზე მეტყველებს.

მისი თქმით, საქართველომ პატიმართა რაოდენობით მოსახლეობასთან შეფარდებით, ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. კერძოდ, ყოველ 100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 540 პატიმარი მოდის.

რაც შეეხება პატიმართა სიკვდილიანობას, 2010 წელს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 142, ხოლო 2011 წელს - 140 პატიმარი გარდაიცვალა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ოფიციალური მონაცემებით, რომლებიც შესაძლოა, შემცირებულია, ყოველ 2-3 დღეში ერთი პატიმარი კვდება“ - განაცხადა კაკბაძემ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, მათი რაოდენობა 100-მდეა.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის არსებულ მონაცემებს, პატიმართა რაოდენობა 800 ათასამდეა, ხოლო პოლიტპატიმართა რიცხვი სხვადასხვა მონაცემებით, რამდენიმე ათეულიდან 200-მდე აღწევს.

როგორც რუსი უფლებათადამცვლები აცხადებენ, არც საქართველოს და არც რუსეთის ხელისუფლება არ რეაგირებს და არც სისტემური დასკვნები გამოაქვთ იმ გადაწყვეტილებებიდან, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სხვადასხვა საქმეებზე გამოაქვს.

რუსმა უფლებათადამცველებმა რუსული საზოგადოება „მემორიალის“ ხელმძღვანელმა სერგეი კოვალიოვმა და მეცნიერთა დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის პასუხისმგებელმა მდივანმა ერნსტ ჩორნიმ მართლმსაჯულების პრობლემებთან დაკავშირებოთ დღეს საქართველოში აშშ-ში საელჩოში შეხვედრა გამართეს.

ბეჭდვა