საქართველოში მყოფმა რუსმა უფლებათადამცველებმა რუსული საზოგადოება „მემორიალის“ ხელმძღვანელმა სერგეი კოვალიოვმა და მეცნიერთა
დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის პასუხისმგებელმა მდივანმა ერნესტ ჩორნიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 2009 წელს დაკავებული რუსეთში მოღვაწე ქართველი აკადემიკოსის ვლადიმერ ვახანიას საქმის ასპექტებზე ისაუბრეს.
უფლებათდამცველების განცხადებით, მათ დეტალურად შეისწავლეს საქმე, და მას ხელოვნურად „შეთითხნილს“ უწოდებენ. ამასთანავე, მათ ისაუბრეს პატიმრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზეც.
„პრეზიდენტმა იცის, რომ განაჩენი უსამართლოა და მიუხედავად ამისა, ის არაფერს აკეთებს და ამით ფაქტიურად ამ უსამართლო განაჩენის სანქცირებას ახდენს“ - განაცხადა კოვალიოვმა.
მისი თქმით, ვახანიას საქმესთან დაკავშირებით, ის თავის კოლეგასთან ერთად 2009 წელს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რომელმაც მაშინ განაცხადა, რომ საქმეში არ არის პოლიტიკური მოტივები, თუმცა, შესაძლოა, იყოს „ვინმეს დაინტერესება აიღოს დიდი ქრთამი“.
„ამით პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მართალმსაჯულების სისტემაში კორუფცია არსებობს“ - განაცხადა კოვალიოვმა.
როგორც ჟურნალისტებს ვახანიას ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, ვლადიმერ ვახანიას საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თითქმის ყველა მოქმედი მუხლია დარღვეული.
საქმესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაშია მიღებული ორი განაცხადი - სასამართლოებში ჩადენილი დარღვევების შესახებ და ვახანიას პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე.
როგორც ბარათაშვილმა აღნიშნა, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია და მას მკურნალობა ესაჭიროება.
ადვოკატის თქმით, ცოტა ხნის წინ ის ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მკურნალობის კურსის ჩატარების საშუალება არ მისცეს და 2 დღეში საპატიმროში დააბრუნეს.
„მიმდინარეობს მუშაობა სახალხო დამცველთან და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან ვლადიმერ ვახანიას ვადაზე ადრე გასათავისუფლებლად“ - აღნიშნა ბარათაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული საქმე შეისწავლა საიამ და ვლადიმერ ვახანია პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულთა სიაში შეიყვანა.
რუსეთში მოღვაწე ქართველი აკადემიკოსი ვლადიმერ ვახანია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2009 წლის 15 მარტს საკუთარ სახლში დააკავა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას 4 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
