საქართველოსა და რუსეთის სასამართლო და პენიტენციალური სისტემებში არსებული მდგომარეობის მსგავსებებზე ისაუბრეს
დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ რუსმა უფლებათადამცველებმა - რუსული საზოგადოება „მემორიალის“ ხელმძღვანელმა სერგეი კოვალიოვმა და მეცნიერთა დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის პასუხისმგებელმა მდივანმა ერნსტ ჩორნიმ.
შეხვედრას ასევე ქართველი უფლებათადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„საქართველოში, რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა სახელმწიფოებში, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, მართლმსაჯულების მდგომარეობა გლობალური მნიშვნელობისაა და ცუდია, რომ ასეთი ქვეყნები მძლავრ საერთაშორისო ზეწოლას არ იწვევენ“ - განაცხადა კოვალიოვმა.
აღნიშნულ პრობლმებზე რუსი უფლებათადამცველები შეხვედრას დღეს აშშ-ს საელჩოში გამართავენ.
მათი განცხადებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს, რაც შესაბამის პასუხისმგებლობას გულისხმობს.
როგორც კოვალიოვმა განაცხადა, თუ ქვეყანაში არ არის მართლმსაჯულება, არ შეიძლება იყოს დემოკრატიაც, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა განცხადებები საქართველოს დემოკრატიულობის შესახებ განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა „პუტინზე უკეთ იცის, რა დროს უნდა გააკეთოს სწორი განცხადებები დემოკრატიის შესახებ“.
მისი თქმით, სააკაშვილი და პუტინი ერთმანეთის კოპირებას ახდენენ.
„საქართველოში ცოტა ხნის წინ მოხდა იმავე როკირების პირველი ნაწილი, რომელიც რუსეთში განხორციელდა“ - განაცხადა კოვალიოვმა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი აღმოჩნდება პრეზიდენტის სავარძელში, ხოლო სააკაშვილი - პრემიერ-მინისტრის, რომელსაც პრეზიდენტის ფუნქციები ექნება.
