ომის ვეტერანი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გია ყარყარაშვილი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას სთხოვს დაასაბუთოს,
რომ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები და წევრები პრორუსული ორიენტაციის არიან.
„მივმართავ გიგა ბოკერიას, რომელსაც წლების წინ კარგად ვიცნობდი და ვთხოვ, რომ დამისაბუთოს არიან თუ არა „ქართული ოცნების“ ლიდერები - ირაკლი ალასანია, დავით ბერძენიშვილი, დავით უსუფაშვილი და სხვები პრორუსული ორიენტაციის. თუ ის ამაში დამარწმუნებს, პირობას ვდებ ომის ყველა ვეტერანს და მთელი საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ მათ მხარი არ დაუჭირონ. ჩემთვის მიუღებელია ქვეყანაში პრორუსული პოლიტიკის გატარება“ - აცხადებს ყარყარაშვილი.
მისი შეფასებით, მიუღებელია იმ ადამიანებისგან ლექციების მოსმენა, რომლებიც მისივე თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ომის დროს ვაშლის ხის ჩრდილში იყვნენ წამოწოლილი და რუსეთთან ურთიერთობის დალაგების შემთხვევაში, რუსულ ბაზარზე ვაშლს პირველი გაიტანენ.
„არ მინდა საქართველოში რუსული ბაზები. არც რუსულ ბაზრებზე ქუთაისის მწვანილისა და ღვინის გატანაა ჩემთვის პრიორიტეტული. მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რომელიც არა თხოვნით, არამედ მიზანმიმართული პოლიტიკით უნდა მოხდეს“ - მიაჩნია ყარყარაშვილს.
ამასთან, იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია და საქართველოს მოსახლეობას ვერ დააჯერებენ, რომ კახა შარტავა და ირაკლი ალასანია, რომელთა მამებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეეწირნენ, რუსეთის პოლიტიკის გამტარებლები არიან.
„ვინც ამ ადამიანებზე აცხადებს, რომ ისინი თურმე პრორუსულ პოლიტიკას ატარებენ, ტლუ და გაუნათლებელია“ - განაცხადა მან.
ასევე, ყარყარაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ გუშინ კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკუთარი შეფასება გააკეთონ.
„საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ერთი ქვის გასროლის შემთხვევაშიც კი, მაგრამ ახლა რატომღაც ჩუმად არიან და კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, არანაირ პოზიციას არ აფიქსირებენ“ - განაცხადა ყარყარაშვილმა.
