„უმუშევართა კავშირი“ უმუშევართა რეგისტრაციაზე მონიტორინგს მოითხოვს
„უმუშევართა კავშირი“ უმუშევართა რეგისტრაციაზე მონიტორინგს მოითხოვს
14:04 13.07.2012
„უმუშევართა კავშირი“ უმუშევართა რეგისტრაციასა და აღრიცხვაზე მონიტორინგის უფლებას მოითხოვს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „უმუშევართა კავშირის“ თავმჯდომარემ თამარ იოვაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ინიციატივით, 27 ივლისს „კარდაკარის პრინციპით“ უმუშევარ მოქალაქეთა რეგისტრაცია-აღრიცხვა დაიწყება, რომელიც 9 ნოემბერს დასრულდება.
„მიგვაჩნია, რომ ეს ხელისუფლების წინასაარჩევნო პიარია და ეჭვი არ გვეპარება, რომ რეგისტრაცია არასრულად მოხდება“- განაცხადა იოვაშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ, „უმუშევართა კავშირი“ რეგისტრაციის პროცესებზე დაკვირვების უფლებას მოითხოვს.
მისი თქმით, „უმუშევართა კავშირმა“ ამ მოთხოვნით დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ტრაპაიძეს წერილობით მიმართა.
„მივმართეთ ტრაპაიძეს და საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის აღწერა მოვითხოვეთ, უნდა შეიქმნას შრომის ბირჟა და უმუშევარი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლება მოხდეს“ - განაცხადა იოვაშვილმა და აღნიშნა, რომ ეკონომიკა ვერ განვითარდება საწარმოო მოთხოვნების მიხედვით კადრების გადამზადების გარეშე.
როგორც იოვაშვილმა აღნიშნა, „უმუშევართა კავშირის“ მთავარი მიზანია უმუშევართა რეგისტრაცია-გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება. ორგანიზაცია მოხალისეობის პრინციპით მუშაობს და თბილისის მასშტაბით, უმუშევართა რეგისტრაციას საკუთარი ძალებით ახორციელებს.

ბეჭდვა