„დემოკრატიული მოძრაობა“ ტელეკომპანია „მაესტროზე“ ზეწოლას გმობს
„დემოკრატიული მოძრაობა“ ტელეკომპანია „მაესტროზე“ ზეწოლას გმობს
14:00 13.07.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ მედიაზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს გმობს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, არსებული რეჟიმი თავისუფალ მედიაზე სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას კვლავ აგრძელებს, რათა საქართველოს მოსახლეობას ობიექტური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა შეუზღუდოს.
„მოქმედმა ხელისუფლებამ ე.წ. „მასთ ქერის“ პრინციპის გატარების მცდელობით კიდევ ერთხელ დაადასტურა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კატასტროფული მდგომარეობა. ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ხელისუფლება ცდილობს ინფორმაციის მიღება ხელმისაწვდომი გახადოს. ჩვენს ქვეყანაში არსებული ძალადობრივი რეჟიმის პირობებში კი, რეალურად ოპოზიციურ ძალებს სულ უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვთ საქართველოს მოსახლეობას ხმა მიაწვდინონ“- ნათქვამია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ამის კიდევ ერთი მაგალითი 11 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ანტენების დაყადაღებაა, რაც პიარ კამპანიას - „მაესტრო ყველა ოჯახში", ემსახურებოდა და არა წინასაარჩევნო აგიტაციას.
„დემოკრატიული მოძრაობა“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და არასამთავრობო სექტორსა და დიპლომატიურ კორპუსს მონიტორინგის განხორციელებისთვის მიმართავს, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ მაუწყებლობა არ შეიზღუდოს.

ბეჭდვა