„ღია დემოკრატიის კომიტეტის“ მოწვევით, საქართველოში მყოფი კანადელი ჟურნალისტი სტეფან ბანდერა, გორის რაიონის სოფელ კარალეთში ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტს გმობს.
როგორც ბანდერამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჟურნალისტები მათი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის დაძაბულ სიტუაციაში არიან. თუმცა, ის, რაც გუშინ კარალეთში მოხდა სულ სხვა საკითხია.
მისი თქმით, სამი ჟურნალისტი და ათი სამოქალაქო პირი ინციდენტის გამო საავადმყოფოში მოხვდნენ.
„ადგილზე „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ დამკვირვებლები იმყოფებოდნენ. ჟურნალისტებმა მათ განუცხადეს, რომ ისინი შემთხვევით არ დაზარალებულან, არამედ გამიზნულად მხოლოდ მათი პროფესიის გამო დაშავდნენ“ - განმარტა ბანდერამ.
მისი ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში ჟურნალისტს თავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი დაესხა.
„მეორე შემთხვევაში ჟურნალისტმა და ოპერატორმა განაცხადეს, რომ მათ თავს რამდენიმე ათეული მამაკაცი მხოლოდ იმიტომ დაესხა, რომ ისინი „ინფო 9“ -ში მუშაობენ. ერთ-ერთს სასტიკად გაუსწორდნენ. მიწაზე დაცემულს ფეხით სცემდნენ. გარდა ამისა, „რეალ ტვ“ - ს ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ“ - განმარტა სტეფან ბანდერამ.
მისივე თქმით, „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ მსგავს მოვლენებს მომავალშიც დააკვირდება.
აღნიშნულ სიტუაციაში კი, ჟურნალისტებს შორის სოლიდარობის ნაკლებობა იკვეთება, მათ მსგავსი ძალადობა ერთად უნდა დაგმონ.
კანადელმა ჟურნალისტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა ურთიერთდაპირისპირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 27 ივნისის შემდეგ, რვა ინციდნეტი დაფიქსირდა, როდესაც ე.წ ჟურნალისტები იმ ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც თავიანთი საქმიანობის განხორციელებას ცდილობენ.
„ეს დაპირისპირება ფიზიკური აგრესიის ფორმას იღებს, როდესაც ჟურნალისტს სახეში უხეშად უშვერენ მიკროფონებს და კამერას და პროვოკაციულ პირად შეკითხვებს უსვამენ“ - განაცხადა სტეფან ბანდერამ.
მისივე თქმით, მსგავსი ინციდენტები სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, რისთვისაც ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.
