ზაზა გაბუნია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ზაზა გაბუნია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
19:49 02.04.2018
„სოციალური მეწარმეობა დღეს არის ერთ-ერთი მზარდი და პოპულარული მიმართულება ევროპის მასშტაბით, რომელიც გარდა ბიზნეს ამოცანებისა, ამავდროულად ითვალისწინებს და გულისხმობს სოციალურ აქცენტებსაც და ჩვენი სოციალური გარემოს და სოციალური გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერილი იყოს კანონპროექტი, რომელიც ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით იქნება ფორმულირებული“,-განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დღეს, რეგიონული პოლიტიკისა დათვითმმართველობის კომიტეტში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სოციალური მეწარმეობა, როგორც მიმართულება დღეს აქტიური და აქტუალურია, თუმცა აწყდება გარკვეულ ბარიერებს, რომელთა დასაძლევად საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შემუშავება. მისივე თქმით, აუცილებელია შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სოციალურ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით დაარეგულირებს.

სოციალურ მეწარმეობაზე, მისი განვითარების მნიშვნელობაზე და სამართლებრივი რეგულირების საჭიროებებზე მსჯელობისას, კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო სიახლემ განსაზღვროს სოციალური მეწარმეობის სტატუსი, მისი საქმიანობის მონიტორინგისა და სტატუსის დაკარგვის შემთხვევები. ზაზა გაბუნიას თქმით, კანონში მკაფიოდ უნდა იყოს ასახული საწარმოს სოციალური მიზნები და გრანტებთან დაკავშირებით, შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საჭიროება, რათა ამ ტიპის საწარმოებმა კანონმდებლობით დათქმული და გათვალისწინებული შესაძლებლობებით ისარგებლონ და მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ფინანსურ რესურსზე.

შეხვედრაზე მოსაზრებები გამოითქვა ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის, ახალი სოციალური საწარმოების ინიცირების და უკვე არსებულების გაძლიერების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავებისა და თემის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

„დღეს, ამ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ კანონპროექტის მომავალზე. უკვე არსებობს პარლამენტართა გარვეული წრე, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას იყვნენ ინიციატორები ამ იდეის და ჩვენ ჩვენი კომიტეტის ფარგლებში და რასაკვირველია კოლეგებთან ერთად, ვინაიდან ეს კანონპროექტი უკავშირდება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტსაც, გვექნება მსჯელობა პარლამენტის სივრცეში, რომ ჩამოვყალიბდეთ როდის და რა ფორმით მივცემთ მსვლელობას ამ პროექტს, რათა სოციალურ მეწარმეობაში დასაქმებულმა პირებმა შეძლონ გაფართოვება, იმუშაონ და იმოქმედონ უფრო თავისუფლად, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაასაქმონ და ამავდროულად, მათი საქმიანობა მეტად იყოს აქცენტირებული სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებზე“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა გაბუნიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მერაბ ქვარაია და კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.


ბეჭდვა