იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ადვოკატთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ადვოკატთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობს
10:20 01.04.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ადვოკატთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც სსიპ “ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე დავით ასათიანი და ასოციაციის წევრები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით განსახილველი საკითხები და ასევე, საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ადვოკატთა მომსახურების დროს გაწეული ხარჯების ანაზღაურების რეგულირების საკითხს ეხება სამოქალაქო კოდექსში.
ეკა ბესელიას განმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავს ადვოკატთა გაერთიანების, ადვოკატის პროფესიის ინსტიტუციურ გაძლიერებას. „კანონს ემატება გარანტიები, რომელიც ადვოკატის დაცვის მექანიზმს ქმნის. ის, რომ ნებისმიერი ჩარევა და ადვოკატისთვის ხელის შეშლა არის დასჯადი, ძალიან ნათლად და პირდაპირაა ჩაწერილი პირველი მოსმენით მიღებულ კანონში. არის ასევე ბევრი სიახლე, რომელიც ადვოკატის პროფესიაში შესვლას უკავშირდება.ზუსტდება სტაჟირებისა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხები. მთლიანობაში ეს საკითხები ემსახურება იმას, რომ ადვოკატის პროფესია იყოს დაცული, ამავდროულად, ადვოკატებს ჰქონდეთ მაღალი ეთიკური სტანდარტები და პროფესიაში შესვლა იყოს სათანადოდ მომზადებული“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, საადვოკატო საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით, არსებულ ჩამონათვალს ემატება პრინციპები: სამართლიანი უზენაესობისა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელების პატივისცემა; პროფესიული კომპეტენტურობა; ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ადვოკატის საქმიანობაში იზრდება კონფიდენციალობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
სამუშაო შეხვედრის მხარდაჭერა განახორციელა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ( EWMI/PROLoG).

ბეჭდვა